იცოდი? - ვინ მართავდა რუსთავს სხვადასხვა საუკუნეში

2023-05-06 17:54:39

იცოდი? - ვინ მართავდა რუსთავს სხვადასხვა საუკუნეში.

"იცოდის" არაერთ ნაწილში აღგვინიშნავს, რომ ჩვენს ქალაქს მინიმუმ 40 საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტით დასტურდება.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ მართავდა ჩვენს ქალაქს ქრისტეს შობამდე, ასევე უცნობია, თუ რა ერქვა ამ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებას.

"იცოდის" ამ ნაწილში მოგიყვებით, თუ ვის მფლობელობაში იყო და ვინ მართავდა ქალაქს, სახელწოდებით რუსთავს IV საუკუნიდან XIX საუკუნემდე.

IV საუკუნის მეორე ნახევარში რუსთავი მირიან მეფის შვილიშვილის თრდატ მეფის მფლობელობაში იყო, სწორედ მას უკავშირდება ჩვენს ქალაქში, ციხის, პირველი ეკლესიისა და არხის მშენებლობა.

V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ცენტრი გახდა, შესაბამისად ქალაქს ეპისკოპოსი მართავდა.

V-VIII საუკუნეებში რუსთავი კვლავ მირიან მეფის შვილის რევის შთამომავლების სამფლობელო გახდა, სწორედ აქედან წამოვიდა ქალაქის მეორე სახელწოდება, "ვოსტან ქალაქი", ანუ საუფლისწულო მამული.

VIII საუკუნის 30-იან წლებში რუსთავი არაბთა შემოსევის დროს განადგურდა და საუკუნის ბოლო მეოთხედში კახეთის მთავარმა გრიგოლმა დაიკავა, კუხეთის საერისთაო გააუქმა და კახეთის სამთავროს მიუერთა.

IX საუკუნის ბოლოს რუსთავი თბილისის საამიროს შემადგენლობაში შევიდა და შესაბამისად ამირა გახდა მისი მმართველი.

1068 წელს კი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დაიპყრო, თუმცა მოგვიანებით მეფე ბაგრატ IV-მ უკან დაიბრუნა. დაბრუნებული რუსთავი ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ქალაქს ჯერ კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში განაგებდა, შემდეგ კი კახეთის მეფის აღსართან I-ის გამგებლობაში გადავიდა.

XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩვენი ქალაქი თურქ-სელჩუკთა ხელში აღმოჩნდა, რომელიც 1115 წელს დავით IV აღმაშენებლის ლაშქარმა გამოიხსნა და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა.

XII-XIII საუკუნეებში რუსთავს, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი აბულასანი ფლობდა, შემდეგ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი.

1265 წელს რუსთავი მონღოლთა სახელმწიფოს ოქროს ურდოს ლაშქარმა ბერქა-ყაენის მეთაურობით ქალაქი სრულიად გაანადგურა, რის გამოც საუკუნეების განმავლობაში რუსთავში უმნიშვნელო დასახლება არსებობდა. ამ დროიდან შუა საუკუნეებამდე რუსთავს ნაგებს უწოდებდნენ.

XVII-XVIII საუკუნეებში ქართლის მეფე ერეკლე I-მა რუსთავში ცოტახნით ზამთრის რეზიდენცია მოიწყო და ქალაქის აღდგენა სცადა.

XVIII საუკუნეში ქართლის ჯანიშნიმა ვახტანგ VI-მ ქალაქი დაარბია, რომლის დროსაც დაინგრა ერეკლე I-ის სასახლე. ქალაქი ვახტანგის გამგებლობაში გადავიდა, რის შემდეგაც მან ძველი არხი აღადგინა, რომელსაც შუასაუკუნის წყაროები "ვახტანგის არხად" მოიხსენიებენ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები