მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ რუსთავის ურბანულ განვითარებაზე იმსჯელა

2023-04-29 14:27:48

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ რუსთავის ურბანულ განვითარებაზე იმსჯელა.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ კობა ძლიერიშვილთან ერთად,  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს,  ქალაქის ურბანული  და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები გააცნო.

პრეზენტაცია ურბანული განვითარების ახალი ხედვისა და ჭალის ტყის განვითარების საკითხებზე,  მრჩეველთა საბჭოს წინაშე მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ძლიერიშვილმა  წარადგინა.  შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და რუსთავის მერმა  აღნიშნულ და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე,  საბჭოს წევრების  მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავის მერიის გუნდისთვის, მრჩეველთა საბჭოსთან მჭიდრო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

"მერიის გუნდს მუდმივად გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია მრჩეველთა საბჭოსთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ქალაქის ურბანული განვითარების ახალი ხედვა, ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, ასევე ვისაუბრეთ განათლების, ხელოვნების, კულტურისა და სოციალურ საკითხებზე", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სხდომის მიმდინარეობისას, ქალაქის მერს, საბჭოს  განათლების  ჯგუფმა,   საკუთარი  რეკომენდაციებიც გააცნო.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მადლობის მეტი არაფერი  გვეთქმის, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მრჩეველთა საბჭოს წევრებს აზრს გვეკითხებიან. რუსთავის ურბანული განვითარების ახალი ხედვა, ჭალის ტყის განვითარების გეგმა,  უმნიშვნელოვანესი  პროექტებია,  მე ასე ვიტყოდი, ქალაქის ახალი სიცოცხლის  შანსია. დღეს ვიმსჯელეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც და ქალაქის მერს გავაცანით ჩვენი რეკომენდაციები განათლების საკითხებზე", - განაცხადა რუსთავის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ღვამბერიამ.