იცოდი? - ციხე-სიმაგრის ისტორია.
რუსთავის ციხე ჩვენი ქალაქი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია, სადაც სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოუჩენიათ.
ციხე-სიმაგრე მე-4 საუკუნის ბოლოს ქართლის მეფე თრდატ რევის ძემ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შემაღლებულ გორაზე ააშენა.
ციხე-სიმაგრე სამი ზღუდისგან შედგება. დღევანდელი სახით შემორჩენილი ციხის ნაწილების, ყველაზე ძველი ქვისგან ამოყვანილი ზღუდე IV-V საუკუნით თარიღდება. ციხე-სიმაგრეში ოთხკუთხა კოშკები იყო განთავსებული.
VIII საუკუნეში არაბთა ლაშქრობების დროს რუსთავი ძლიერ დაზარალდა, დაზიანდა ციხეც, სწორედ მაშინ მოხდა მისი პირველი განახლება, რა დროსაც მეორე ზღუდე შემოარტყეს და ოთხკუთხა კოშკების მაგივრად ნახევარწრიული კოშკები გაკეთდა.
მესამე ე.წ. გარე ზღუდე XII-XIII საუკუნეში აშენდა.
ფოტო: დავით თარიმანიშვილი
ციხე-სიმაგრეში ქალაქის მმართველი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.
შიგნით არსებული ფერადი მინის სარკმლებიანი სასახლე ორ სართულიანი იყო, თითო სართულზე 7-7 ოთახით, ჰქონდა საკუთარი აბანოც.
რუსთავის ციხე-სიმაგრე ერთადერთია საქართველოში, სადაც აღმოჩენილია ფრესკები.
ციხის ტერიტორიაზე არსებული სასახლის შიდა კედლები იყო მოხატული, სადაც გამოსახული უნდა იყოს, სავარაუდოდ, ნადირობის სცენები.
ჩვენამდე მოღწეულ ფრესკებზე შემორჩენილია მიმინოს, ადამიანის სხვადასხვა სხეულის ნაწილებისა და მცენარეული ორნამენტები.
პირველად ციხის ტერიტორიაზე დაზვერვითი მცირე არქეოლოგიური სამუშაოები 1944-1948 წლებში ჩატარდა, რითაც ისტორიკოსები დარწმუნდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენდა.
1959 წლიდან 1965 წლამდე რუსთავის ციხის ტერიტორიის უწყვეტ რეჟიმში გათხრები მიმდინარეობდა.
ტერიტორიაზე, რომელზეც ციხე-სიმაგრეა აშენებული, სხვადასხვა საისტორიო ფენებია. გათხრების შედეგად ნაპოვნია 30 000-ზე მეტი არტეფატქი. ყველაზე ძველი კი, რაც არქეოლოგებს აღმოუჩენიათ, 39 საუკუნის წინანდელი სამარხია.