საპროტესტო აქცია "რუსთავის წყალთან" [video]

2023-04-28 19:28:09

კომპანია "რუსთავის წყალთან" მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ ფორმით როგორც წყალმომარაგებასთან, ასევე საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით ქალაქში არსებული პრობლემები გააპროტესტეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გივი შანიძის განცხადებით, შეიქმნება სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც კომპანიის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯეროვნად შესრულებას გააკონტროლებს.

"ვაპირებთ სამოქალაქო მონიტორინგის შექმნას. ვაპირებთ, რომ  შევქმნათ სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ინფორმირებული მოქალაქე მეტად ძლიერია. სად ის, როდესაც არ ვიცი რატომ წყდება წყალი და სად კიდევ როდესაც ინფორმირებული ვარ.

როცა შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელობას, გვითხრეს, რომ ხრამის სათავე ნაგებობას დაგვათვალიერებინებდნენ, მაგრამ არ შეგვისრულეს ეს დანაპირები. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილი ინებონ და მეტად გამჭვირვალე გახადონ პროცესი", - აცხადებს გივი შანიძე.

შეგახსენებთ, ეს ბოლო პერიოდში რიგით მეორე საპროტესტო აქცია იყო, რომელიც რუსთავში წყალმომარაგების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.