"ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, გვირჩევნია პროექტს რომ დავასრულებთ, იყოს ხარისხიანი, თუმცა შეიძლება, გარკვეული პროექტები ამ ხარისხის მიღწევის პროცესში ცოტა გაიწელოს", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ინფო რუსთავმა" ლაცაბიძეს ჰკითხა, რატომ ჩერდება პერიოდულად სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მოედნებზე და ხომ არ იქნება მიზანშეწონილი, რომ შემდეგში მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კომპანიებს სამუშაოების შესასრულებლად შემცირებული ვადები მიეცეთ.
ქალაქის მერმა კითხვის საპასუხოდ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლთა წინაშეც რეაბილიტაციის პროცესში დადგა მუნიციპალიტეტი და ასევე, ვადებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვადებს შესაბამისი ექსპერტები აწესებენ.
"ვადებს მერია არ აწესებს, ვადებს აწესებს ექსპერტი, რომელიც პროექტზე მუშაობს და რომელსაც აქვს შესაბამის სამუშაოებზე კონკრეტული გეგმა-გრაფიკი. როდესაც პროექტს ვყიდულობთ, შესაბამისი დარგის სპეციალისტი აწესებს რა ვადა უნდა განესაზღვროს ამათუიმ სამუშაოს. ამას არც ნინო ლაცაბიძე და არცერთი მთავარი სპეციალისტი არ აწესებს. ეს არის საპროექტო ვადა, საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემული სამუშაოები რა ვადაში არის შესაძლებელი რომ შესრულდეს.
რუსთავის შემოსასვლელი არის უპრეცენდენტო პროექტი, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ტექნიკური წყლის საშუალება გვექნება და პირველად ამხელა მასშტაბის ტექნიკური წყლით მომარაგებას ვუზრუნველყოფთ, სადაც ახლა რეაბილიტაცია მიდის იმ ადგილს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ შემოსასვლელში ასევე თქვენი და მოსახლეობის მოთხოვნით, უსახური შენობა იყო წლების განმავლობაში განთავსებული. მოსახლეობა ითხოვდა, რით ვერ დაინგრაო, ამას კი თავისი პროცედურები სჭირდებოდა და თავისი სტანდარტები ჰქონდა.
რაც შეეხება მოედნებს, რომლებზეც დღეს მიდის სამუშაოები და უახლოეს პერიოდში უკვე ბოლოში გავდივართ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ პირველ მოედანზე, როდესაც შემოვდივართ რუსთავში და პირველი მოედანი გვხვდება, ორჯერ გავხსენით მიწის გარკვეული მონაკვეთი, სადაც მშენებელის თქმით, შემოდიოდა გრუნტის წყალი და დიდი შანსი იყო, რომ დაზიანებულიყო ინფრსტრუქტურა, რასაც ჩვენ იქ მოვაწყობდით. ამის შემდეგ გახდა დამატებითი კვლევები საჭირო, რაც ჩვენ ასევე გავაკეთეთ და ბოლოს გადაწყდა, რომ მოვაწყეთ სადრენაჟო სისტემა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში სხვადასხვა დეფექტები, რასაც აუცილებლად გამოიწვევდა ის გრუნტის წყალი, რომელიც შემოდეინებოდა.
ასევე აფხაზეთის ქუჩიდან ჩამომსვლელი ქუჩა, რომელიც უერთდება შარტავას, იქაც დამატებით გახდა რამდენჯერმე გაჭრა საჭირო. ჩვენი დაკვირვებით 2-3 გაჭრის დროს არ ამოდიოდა წყალი, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, გარკვეულმა ნალექმა იმოქმედა და გრუნტის წყალის შემოდინება ისევ აღმოჩნდა. ახლა მიმდინარეობს სამუშაოები სპეციალური სისტემის მოწყობის, რომელიც მოედანზე არ შეუშვებს გრუნტის წყალს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, გვირჩევნია პროექტს რომ დავასრულებ იყოს ხარისხიანი, თუმცა შეიძლება გარკვეული პროექტები ამ ხარისხის მიღწევის პროცესში ცოტა გაიწელოს. შესაძლოა, შეფერხებები იყოს, თუმცა რაც არის პროექტის ვადები, იმ ვადებს არ დავარღვევთ", - განაცხადა რუსთავის მერმა.