შეწყდება თუ არა "მწვანე ბარათის" გათამაშება

2017-11-01 23:36:36

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მწვანე ბარათის გათამაშებას შეწყვეტს. ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზბეკეთის მოქალაქემ ქვეყანაში შეაღწია და ნიუ იორკში რვა ადამიანი დახოცა. ქმედება ტერორისტულ აქტად შეფასდა. როგორც ტრამპმა მედიას განუცხადა, „მათ რამე უნდა გააკეთონ ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ ამ ლატარიისგან“. დონალდ ტრამპის განცხადებით, უზბეკმა საიფულო საიპოვმა, რომელიც გუშინ ნიუ-იორკში ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ სავალ ბილიკზე დაქირავებული სატვირთოთი შევარდა, ქვეყანაში სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით შეაღწია. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ბოლო დროის განმავლობაში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად გარკვეული ზომები მიიღო: ლტოლვილთა ყოველწლიური რაოდენობა 50%-ით შეამცირა და გაამკაცრა მსოფლიოს მასშტაით ამერიკის ვიზების გაცემა, განსაკუთრებით მუსლიმი მოსახლეობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მწვანე ბარათის გათამაშების შეწყვეტის შესახებ პოსტი საკუთარ თვითერზეც გამოაქვეყნა.