იცოდი? - რომ 1989 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციები რუსთავშიც იმართებოდა

2023-04-08 14:16:46

იცოდი? - რომ 1989 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციები რუსთავშიც იმართებოდა.

35 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა ჯარმა დაარბია, რა დროსაც 21 ადამიანი დაიღუპა.

დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დედაქალაქის პარალელურად იმართებოდა რუსთავშიც, რომლის დროსაც ქალაქში ჩამოვიდა ზვიად გამსახურდიაც.

8 აპრილს, დილის საათებში საპროტესტო აქციის მონაწილეები, ასობით ადამიანი, მეტალურგიული ქარხნისკენ დაიძრნენ, სადაც ადგილი ჰქონდა ინციდენტს.

საწარმოს, რომელიც გასამხედროებულ ობიექტად ითვლებოდა, დაცვის წევრმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რომლის დროსაც აქციის ერთ-ერთი წევრი დაიჭრა.

სიტუაციის განსამუხტად საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალური გამზირისკენ, მეგობრობისკენ, დაიძრნენ, სადაც 20-მდე ახალგაზრდა პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

8 აპრილს, საღამოს მეგობრობის გამზირზე, სასტუმროსთან შეკრებილ ხალხს თბილისიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ. იყო სიტყვით გამოსვლებიც.

მას შემდეგ, რაც რუსთავში მიმდინარე აქციაზე ჩამოიტანეს შეტყობინება, რომ თბილისში მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშალეს, რუსთაველების ნაწილი დედაქალაქისკენ დაიძრა. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები