მიხეილ თათარაძე VS რუსთავის მერია

2017-10-31 13:51:15

რუსთავის საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიხეილ თათარაძის ადმინისტრაციის უფროსად აღდგენის შესახებ ძალაში დარჩა. სააპელაციო სასამართლოში საქმესთან დაკავშირებით სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე მარიამ ცისკაძემ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შუამდგომლობები, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლომ მერიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, თანხის ჩარიცხვის ნაწილში, დაეთანხმა, სანამ ძალაში არ შევა გადაწყვეტილება, მანამდე მიხეილ თათარაძე თანხას არ აიღებს, თუმცა ის უნდა აღადგინონ თანამდებობაზე

რამდენიმე თვის წინ თათარაძის სამსახურში აღდგენის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, თუმცა დღეს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მერიის საჩივარი ბოლომდე არ დაკმაყოფილდა.
მიხეილ თათარაძე, რომელმაც მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა,
მერის გადაწყვეტილებით, 2015 წელს დატოვა, სახელფასო განაცდურის სახით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ხელზე 35 000 ლარს აიღებს.

თანამდებობაზე აღდგენის შესახებ კი მიხეილ თათარაძემ "ინფო რუსთავთან" შემდეგი კომენტარი გააკეთა "დავით ჯიქიას მერობის პერიოდში არც ველოდები თანამდებობაზე აღდგენას, ალბათ ახალი მერი უფრო რაციონალურად მიუდგება ამ საკითხებს და მე ვფიქრობ, რომ კანონმორჩილი ადამიანია და შესაბამისად ახალი მერის პირობებში მომიწევს აღდგენა"

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, მიღებულ გადაწყვეტილებას მერია უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.