იცოდი? - როგორ კრძალავდნენ მიცვალებულებს ქრისტიანობამდე რუსთავში.
რუსთავში უძველესი დროიდან ქრისტიანობამდე, ძვ.წ II და ძვ.წ I ათასწლეულებში ადამიანის გარდაცვალების შემდეგ გვამის დაკრძალვა პირდაპირ მიწაში მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე კიდურებმოკეცილ ე.წ. მოკრუნჩხულ მდგომარეობაში ხდებოდა.
დაზუსტებული ცნობა და განმარტება, თუ რატომ კრძალავდნენ ასე ადამიანებს არ არსებობს.
თუმცა ისტორიკოსებს აქვთ ვერსია და განმარტება, რომ გვამის კიდურებმოკეცილ მდგომარეობაში გვერდულად დაკრძალვა ადამიანის მუცლადყოფნას, ემბრიონის მდგომარეობას უნდა უკავშირდებოდეს.
ქრისტიანობამდე ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში დაკრძალვის ტრადიციებიც განსხვავდებოდა.
მაგალითად, რუსთავის ტერიტორიაზე აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოდან ძვ. წ II ათასწლეულის შუა ხანებამდე) ყორღანების ტიპის, ქვაყრილიანი სამარხები.
გვიან ბრინჯაოს ხანაში(ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევრამდე) უფრო მომცრო ზომის ქვაყრილიანი სამარხები ჩნდება. ანტიკურ პერიოდში კი ორმოსამარხები შემოდის, ამავე პერიოდში მიცვალებულთა დასაკრძალად დაიწყეს ხის ძელების გამოყენება. სამარხის თავი ხის ძელებით იფარებოდა და შემდეგ მიწა ეყრებოდა.
სხვადასხვა კულტურაში დაკრძალვის სხვადასხვა ტრადიცია იყო, თუმცა ყველა შემთხვევაში გარდაცვლილს მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე კრძალავდნენ.
ძველ რუსთაველებს, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, სწამდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანს საიქიო ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდებოდა საკვები და აღაპს სწირავდნენ.
ამიტომ, რუსთავის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხებში ადამიანის ძვლებთან ერთად არქეოლოგიური გათხრების დროს პოულობენ სააღაპე ჭურჭელს, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ცხოველის ძვლები ან მარცვლეული პროდუქტები.
განსხვავდება სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა საფლავებიც.
მაგალითად, 2020 წელს რუსთავში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ე.წ. ქვაყრილიანი ორმო-სამარხი, რომელშიც სოციალურად მაღალი ფენის ქალი უნდა ყოფილიყო დაკრძალული. ადამიანის ჩონჩხთან ერთად სამარხში 9 სააღაპე ჭურჭელი აღმოაჩინეს.
გარდაცვლილ ქალებს ატანდნენ სამკაულებსაც, საბრძოლოდ იარაღების ჩატანება ხდებოდა მეომრებისთვის.
გასულ წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს სამარხი, სადაც სამი სააღაპე ჭურჭეილი იპოვეს. სამარხში არ უპოვიათ ადამიანის ჩონჩხი, რის გამოც ისტორიკოსები თვლიან, რომ შესაძლოა რომ გარდაცვლილს კრემაცია ჩაუტარდა, ან გვაქვს კენოტაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპული ადამიანის ცხედარს ვერ მიაგნეს, მაგალითად დაიღუპა ბრძოლის დროს, თუმცა მიაგეს პატივი და გაუკეთეს სამარხი.
ამ ეტაპზე სამარხში ნაპოვნი ჭურჭლების გამოკვლევა მიმდინარეობს და რათა გაირკვეს, არის თუ არა რომელიმე ჭურჭელში მოთავსებული ადამიანის ფერფლი.