ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი დიმიტრი ერვანდიანია, რომელმაც კოდირების საერთაშორისო საბავშვო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.
ის ჟიული შარტავას სახელობის #4 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა. მან მსოფიოს მასშტაბით, 13-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო კონკურსის ზამთრის სეზონს 48 სხვადასხვა ქვეყნის 747 მონაწილე ჰყავდა, მათ შორის ევროპის ქვეყნები, ბრიტანეთი, აშშ, რუმინეთი, ინდოეთი და სხვა.
კონკურსანტები მიცემული თემის შესახებ, პლატფორმა Scratch-ის გამოყენებით, თამაშებსა და ანიამციებს ქმნიან. დიმიტრიმ უმაღლესი დონე აჩვენა პროგრამირებაში თამაშების შექმნის მიმართულებით.
"მე ვარ დიმიტრი ერვანდიანი, 14 წლის, რუსთავიდან და მონაწილეობა მივიღე საბავშვო საერთაშორისო კოდირების კონკურსში. მქონდა ერთი თვე იმისთვის, რომ შემექმნა თამაში ზამთრის თემატიკაზე. ამ პროექტში დიდი შრომის ჩადება მომიწია, მთელ თავისუფალ დროს თამაშის შექმნას ვუთმობდი, რადგან გვიან გავიგე ამ კონკურსის შესახებ და ცოტა დრო მქონდა. მომიწია მწერლის, პროგრამისტის და დიზაინერის როლის მორგება, თუმცა ჩემი შრომა ნამდვილად დაფასდა და მსოფლიო მასშტაბით, 13-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მე-3 ადგილი დავიკავე.
საკუთარი თამაშის შექმნა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მიყვარს კომპიუტერული თამაშები და სულ მინდოდა, სხვებს ეთამაშათ ჩემი შექმნილი თამაში. 2020 წელს ისტ-ის გაკვეთილებზე გავიგე საიტი "scratch"-ის არსებობის შესახებ, რომელშიც შესაძლებელია, საკუთარი თამაშების და ანიმაციების შექმნა. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა და შანსი იყო, ამესრულებინა ჩემი ოცნება. დავიწყე თამაშების შექმნა და ნელ-ნელა ვხდებოდი უკეთესი ამ სფეროში. ამასობაში, სკოლაში შეიქმნა რობოტექნიკის კლუბი, სადაც მასწავლებლისგან, ლაშა სარალიძისგან გავიგე საერთაშორისო საბავშვო კოდირების კონკურსის შესახებ და არ გავუშვი შანსი, მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები სხვებისთვის".
"თამაშების შექმნის გარდა, დაკავებული ვარ ფრენბურთით, ის არის ჩემი განვიტვირთა ყოველდღიური რუტინისგან. ერთ წელზე მეტია დავდივარ ფრენბურთზე და ამ პერიოდში მივაღწიე კიდევ ერთ მიზანს, დავიკელი 14 კილოგრამი, გარეგნულადაც და სულიერად სულ სხვა ადამიანი გავხდი.
სამწუხაროდ, მე ვეღარ შევძლებ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რადგან მაქსიმალური ასაკი მონაწილეობისთვის 14 წელია. თუმცა, ახლო მომავალში ვაპირებ, სხვები მოვამზადო ამ კონკურსისთვის და მინდა, დავდოთ კიდევ უფრო კარგი შედეგი.
ჩემი მიღწევით მინდა ვანახო სხვებს, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ კი იშრომებ და გულით მიუდგები საქმეს ყველაფერს მიაღწევ!".