იცოდი? - რატომ შეწყვიტა რუსთავმა 800 წლის წინ არსებობა.
"იცოდის" წინა ნაწილებში ვისაუბრეთ, რომ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე IV საუკუნიდან აქტიური დასახლება ჩნდება, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანისგან შედგებოდა. ვისაუბრეთ, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები ძველი რუსთაველები და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ადგილს მაშინდელ სავაჭრო გზებზე.
ამჯერად ვისაუბრებთ, როდის შეწყვიტა და რატომ ჩვენმა ქალაქმა არსებობა.
პირველი სერიოზული საფრთხე რუსთავისთვის VIII საუკუნეში არაბთა შემოსევები იყო. მაშ ქალაქი ძლიერ დაზარალდა, თუმცა არსებობა არ შეუწყვეტია. კუხეთის საერისთავო გაუქმდა და რუსთავი კახეთის მთავარმა გრიგოლმა დაიკავა.
"იცოდის" იმ ნაწილში, რომელშიც გენიოსი პოეტის, შოთა რუსთაველის წარმომავლობის შესახებ ვისაუბრეთ, განვიხილეთ 30 წლის წინ სინას მთაზე აღმოჩენილი ხელნაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ IX საუკუნეში რუსთავში რუსთაველთა საგვარეულო არსებობდა.
მე-12 საუკუნის დასაწყისამდე რუსთავი ხან თბილისის საამიროს შემადგენლობაში იყო, ხან თურქ-სელჩუკებმა აიღეს, ხანაც კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაში განაგებდა.
1115 წელს დავით აღმაშენებელმა რუსთავი საბოლოოდ გაათავისუფლა და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა, რის შემდეგაც ნატანჯ ქალაქში ხელახლა დაიწყო აღორძინების ხანა.
შემდეგი 150 წლის განმავლობაში ქალაქს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მაშინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ჩვენს ქალაქში სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით ირკვევა, რომ ეს ადგილი აქტიურად გამოიყენებოდა ვაჭრობისთვის.
აქ ნაპოვნია მეფე გიორგი III-ის სპილენძის მონეტა.
თამარ მეფის სპილენძის მონეტები, ასევე თამარისა და დავით სოსლანის მონეტები.
ლაშა გიორგისა და რუსუდან მეფის სპილენძის მონეტები.
ასევე ნაპოვნია მონღოლური და ბიზანტიური მონეტები.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქმა 9 საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა შემოსევას გაუძლო და მაინც განაგრძობდა სიცოცხლეს, 1265 წელს აღდგომის დღეებში მონღოლთა შემოსევამ სრულიად გაანადგურა.
ოქროს ურდოს ყაენის ბერქას ლაშქრობა დასასრული აღმოჩნდა რუსთავისთვის, როგორც ქალაქისთვის.
მე-20 საუკუნემდე არაერთი მცდელობა იყო, რომ ამ ტერიტორიაზე ქალაქის აღდგენა მომხდარიყო, თუმცა მაინც უმნიშვნელო დასახლებად რჩებოდა, რომელსაც გვიან შუასაუკუნეების საისტორიო წყაროებში ნაგებს უწოდებდნენ.