ქართული რესტორანი ამერიკაში (ფოტოები)

2017-10-26 16:35:44

ქართული სამზარეულო და წარმატებული ბიზნესი ამერიკაში. 31 წლის იმედა ლონდარიძე, პენსილვანიის შტატში, კერძოდ, ფილადელფიაში ერთადერთი ქართული რესტორნის "ქართული პურის" მფლობელია.

ლონდარიძე ოჯახთან ერთად რუსთავიდან აშშ-ში 2007 წელს, "მწვანე ბარათის" მოგების შემდეგ გადავიდა. ოჯახი თავდაპირველად 3 თვით ნიუ-იორკში ცხოვრობდა, შემდეგ კი ფილადელფიაში გადაინაცვლა.

"2007 წელს წამოვედი საქართველოდან და ჩამოსვლის დღიდან სულ ვფიქრობდი რომ რამე დამეწყო. რესტორნის პირველი იდეა 2013-2014 წლებში გაჩნდა და ამ თემაზე დავიწყეთ მუშაობა, პარალელურად სხვა საქმეებსაც ვუძღვებოდით. 2016 წლის ზამთარში გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა ქართული თონე."

იმედა ლონდარიძის გეგმებში  თავდაპირველად მხოლოდ ქართული საცხობის გახსნა შედიოდა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თონე, მაღაზია და რესტორანი ერთ სივრცეში მოაქცია.

"ქართული სამზარეულო ან ამდაგვარი რამ არ არსებოდა ბაზარზე. წარმოიდგინეთ რუსთავში რომ რესტორანი არ არსებოდეს და ხალხი თბილისში დადიოდეს რესტორნებში. ხალხს შევთავაზეთ ის, რისი შეთავაზებაც არავის შეეძლო - ქართული შოთი და ქართული კერძები, ეს იყო ადგილზე მირთმევით თუ სახლში მიტანით."

დღესდღეობით რესტორანში დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ქართველები. "Georgian Bread-ის" ხშირ სტუმრების კი არამარტო ქართველები, არამედ რუსები, უკრაინელები და ზოგადად კავკასიელი ემიგრანტები წარმოადგენენ. იმედა ლონდარიძე ამბობს, რომ ბიზნესმა თავიდანვე გაამართლა.

 "90-იანი წლები მახსენდებოდა პურის რიგში, რომ იდგნენ და ელოდებოდნენ როდის მოუწევდათ რიგი. მაღაზიაში რიგი არ წყდებოდა ასევე იყო რესტორანში, ხალხი ელოდებოდა როდის გათავისუფლდებოდა მაგიდა. 3 დღის მარაგი საკვები 1 დღეში გათავდა. ღამეებს ვათენებდით, რომ შემდეგი დღისთვის ყველაფერი მოგვემზადებინა. ამ დონის მოთხოვნას ნამდვილად არ ველოდი. დღეში საშუალოდ 100-150 ადამიანის მომსახურება გავთვალე და ბევრად მეტი აღმოჩნდა."

ბიზნესმენი საქართველოში გადმოსვლას ჯერჯერობით არ გეგმავს, თუმცა ახერხებს, რომ მშობლიურ ქალაქს დროთა განმავლობაში ესტუმროს. იმედა ლონდარიძე ბიზნესის განვითარებას გეგმავს და სამომავლოდ გაფართოებასა და სხვა შტატში კიდევ ერთი რესტორნის გახსნზე ფიქრობს.

მანამდე კი  "Georgian Bread" -ი ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხმარებლებს ქართული ნაციონალური კერძების დაგემოვნებას სთავაზობს.