დარღვევები ავტოგასამართ სადგურებზე

2023-02-21 12:43:29

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვემო ქართლში 6 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები აიღეს. როგორც "ინფო რუსთავს" უწყებაში განუცხადეს, დარღვევები თეთრიწყაროში, წალკაში, დმანისში, გარდაბანსა და მარნეულში არსებული ავტოგასამართი სადგურებიდან აღებულ სინჯებში გამოვლინდა.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინისა და დიზელის 50-50 ერთეული სინჯი აიღეს. სინჯების აღება მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მოხდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში გამოვლინდა. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 29 სინჯში.

"ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.

ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 29 სინჯში. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა 3 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა", - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები