დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია განმარტავს, რომ შილაკის წელიწადში ერთხელ გაკეთებაც კი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
შილაკის საფრთხეებზე მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან - ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.
თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება - პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.
ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას, ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში - ეს არის მეორე საკითხი.
ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული სოლარიუმთან. სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,"- აცხადებს ზაზა თელია.