"ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი ცვლილებისთვის"

2023-02-12 17:52:09

"აუცილებელია თვალი ვადევნოთ „ფრინველის გრიპთან“ დაკავშირებულ მონაცემებს"ასეთი შინაარსის განცხადებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთდა.

ჯანმოს განცხადებით, ამ ეტაპზე „ფრინველის გრიპის“ ადამიანებში გავრცელების რისკი მცირეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხეები ასეთსავე დონეზე დარჩება.
გასულ კვირას ინფექცია დიდ ბრიტანეთში, ძუძუმწოვრებს, წავებსა და მელიებს შორის დადასტურდა.
ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევებისთვის თვალის მიდევნება აუცილებელია, თუმცა ადამიანებისთვის რისკი დაბალია.
„ჩვენ ვერ ვივარაუდებთ, რომ შემდგომშიც ასე იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი ცვლილებისთვის,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.  მან მოუწოდა ქვეყნებს ეპიდზედამხედველობის გაძლიერებისკენ და ასევე აღნიშნა, რომ ჯანმო აგრძელებს მწარმოებლებთან მუშაობას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, გლობალური მასშტაბით ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება უზრუნველყოს.
გრიპის H5N1 შტამი, რომელსაც „ფრინველის გრიპს“ უწოდებენ, 1996 წელს,  დათვებში, დელფინებში, შინაურ კატებსა და სხვა ცხოველებს შორის გაჩნდა.
მიმდინარე აფეთქება კი 31 იანვარს დაიწყო, რუმინეთის მეფრინველეობის ერთერთ ფერმაში.
ლოკალური აფეთქებები სხვადასხვა ქვეყანაში 2022 წლის შემოდგომიდან ფიქსირდება. მაგალითად გასული წლის ოქტომბერში ესპანეთში, გალისიის ფერმაში წაულებს შორის გამოვლინდა „ფრინველის გრიპის“ ახალი ვარიანტი, რომელმაც მუტაციის შედეგად ძუძუმწოვრების დაინფიცირების უნარი შეიძინა. შედეგად 52 ათასი წაულა გაანადგურეს.
ესპანელი მეცნიერების ანგარიშის თანახმად, ეს იყო H5N1-ით ძუძუმწოვრების დაინფიცირების პირველი მასობრივი შემთხვევა. მათივე თქმით, წაულები შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც „ფრინველის“, ისე ადამიანის გრიპით. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძუძუმწოვრებს შორის ვირუსის პოტენციურმა გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს მუტაცია, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, ადამიანიც დააინფიციროს.
მალევე ესპანეთში დაფიქსირდა H5N1-ით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა. დაავადებული მეფრინველეობის ფერმის თანამშრომელი იყო. გრიპზე კი მისი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.
2003 წლიდან 2015 წლის მარტამდე მსოფლიოს 16 ქვეყნის მიერ ჯანმოში აღრიცხული იყო A(H5N1) ვირუსით ადამიანების ინფიცირების 784 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, აქედან 429 ფატალური შედეგით დასრულდა.

H5N1 ინფექციის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 2-4 დღეს შეადგენს. ჯანმოს მითითებით ინკუბაციურ პერიოდის მაქსიმალურ ვადად უნდა ჩაითვალოს 7 დღე.
პაციენტთა უმრავლესობას დაავადება ეწყება მაღალი ცხელებითა (ჩვეულებრივ, 38 გრადუსზე მეტი) და რესპირატორული ინფექციის ნიშნებით/სიმპტომებით. ხშირ შემთხვევაში ზიანდება ქვემო რესპირატორული ტრაქტი.
ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემა დღეს იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა სპეციალისტებს აქვთ საფუძველი ივარაუდონ,რ ომ ამ ვირუსს აქვს პოტენციალი შეიძინოს ადამიანებს შორის ადვილად გავრცელების უნარი.