იცოდი? - რომ რუსთავის მიწისქვეშ დაკონსერვებული ნაქალაქარია

2023-01-21 12:45:21

იცოდი? - რომ რუსთავის მიწისქვეშ დაკონსერვებული ნაქალაქარია.

რუსთავში წმინდა ნინოს ქუჩაზე, დღევანდელი ცენტრალური საავადმყოფოსა და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ მინიმუმ 17 საუკუნის წინანდელი ნაქალაქარია აღმოჩენილი.

პირველად საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათხრები 1949-1950 წლებში ჩატარდა, სადაც ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს.

მას შემდეგ გორგასალის ეკლესიის მიმდებარედ ნაქალაქარის შესწავლა კიდევ ერთხელ 80-იან წლებში დაიწყო. 1986 წელს გათხრების დროს სარკოფაგები აღმოაჩინეს.

მასშტაბური აღმოჩენები გაკეთდა 1996-1997 წლებში. არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა IX-X საუკუნის სახელოსნო უბანი, ქურები და სხვადასხვა სახის ნაგებობები.

არქეოლოგებს მიაჩნდათ, რომ ამ ტერიტორიაზე გათხრების გაგრძელების შემდეგ უფრო მეტ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებდნენ ჩვენი ქალაქის ისტორიის შესახებ.

იგეგმებოდა, რომ გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაქალაქარი გადახურულიყო და ღია მუზეუმი მოწყობილიყო.

ფინანსების არ ქონის გამო ეს გეგმა ვერ განხორციელდა და 2006-2007 წლებში ნაქალაქარის სპეციალური მასალით შეფუთვა, მისთვის მიწის მიყრა და გაურკვეველი დროით დაკონსერვება გადაწყდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს 2016 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს IV-IX საუკუნის ფენები წმინდა ნინოს ქუჩაზე, მეტალურგთა კულტურის სახლის მიმდებარედ, რის შემდეგაც დაიწყო არქეოლოგიური გათხრები.

გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ნამოსახლარი, სადაც სხვადასხვა სახის ნაგებობები, მარნები და იშვიათი ტიპის სამარხები იპოვეს.

ამ დროისთვის ეს ისტორიული აღმოჩენაც დაკონსერვებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები