იცოდი? - რუსთავის ყველაზე ცნობილი "ცხენების" ისტორია.
ბოლო პერიოდში გააქტიურდა "რუსთავის ცხენების" დაბრუნების თემა. თითქმის 14 წლიანი პაუზის შემდეგ ცხენების დადგმა ისევ რუსთავის შემოსასვლელში იგეგმება, თუმცა როდის "დაბრუნდებიან ცხნები" ზუსტი დრო არაა ცნობილი.
ალბათ ცოტამ თუ იცის რუსთავის ყველაზე ცნობილი "ცხენების" ისტორია, საიდან გაჩნდა მისი იდეა, რატომ მაინცდამაინც ცხენები და ვინ არის ქანდაკების ავტორი.
მისი ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა, რომელმაც იდეაზე მუშაობა ჯერ კიდევ ჟიული შარტავას დროს დაიწყო.
მაშინ შარტავას სურდა, რომ ქალაქის შემოსასვლელი ორიგინალურად გაკეთებულიყო. საბოლოოდ კი შეთანხმდნენ თავისუფლებისა და მეგობრობის სიმბოლოზე, მითოლოგიურ ფრთიან ცხენზე, პეგასზე, იგივე რაშზე.
თავდაპირველ ესკისზე ორი რაშის თავზე აღმართული უნდა ყოფილიყო თაღი, რომელიც გამარჯვების სიმბოლო იქნებოდა. თუმცა მაშინ მისი გაკეთება ვეღარ მოესწრო.
"თავისუფლების რაშებზე", რომელიც ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული, ჯუმბერ ჯიქია 7 წლის განმავლობაში მუშაობდა.
7 კოლონა კი, რომელზეც რაშები იდგნენ, შავი ლითონისგან დამზადდა.
ქანდაკება რუსთავში ჩამოასხეს.
ქანდაკებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ 2003 წელს, მერაბ ტყეშელაშვილის დროს "თავისუფლების რაშები" რუსთავქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნა.
სკულპტურული კომპოზიცია 2009 წელს რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყების დროს აიღეს. მის დაბრუნებაზე საუბარი დავით ჯიქიასა და ირაკლი ტაბაღუას მერობის დროსაც მიმდინარეობდა.