"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს" 2 ნომინაციაში გამარჯვებული რუსთავი გახდა [photo]

2022-12-16 13:48:02

2022 წლის "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს" 2 ნომინაციაში გამარჯვებული რუსთავი გახდა.

კოლეჯ "მოდუსს" საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში გადაეცა.

რუსთავის მუნიციპალიტეტი კი, წლის რეგიონულ მხარდამჭერად დასახელდა და უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს'' 2022 წლის გამარჯვებულები შემდეგ ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების სტუდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა, პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს" ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით წელს მეხუთედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს" გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.