"დიახ, დღეს ბრალდებული ვარ"

2022-12-07 23:46:35

რუსთავის მე-20 სკოლის დირექტორი, ირმა იჩქიტიძე, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება და უფლებამოსილება შეუწყვიტეს Facebook-ის პერსონალურ გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. 

"ჩემო ძვირფასო ადამიანებო, სიმართლე გითხრათ საკუთარ თავზე არასოდეს შემეძლო წერა, მით უფრო ახლა, ახლა როცა ბოლოდროინდელი მოვლენებით ყველა აგაფორიაქეთ.  მადლობა თითოეული ზარისთვის, მესიჯისთვის, კომენტარისთვის, ყურადღებისთვის, სითბოსთვის...

არ დავწერდი, მაგრამ ვფიქრობ იმსახურებთ ინფორმირებას.

დიახ, დღეს ბრალდებული ვარ. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მე-20 საჯარო სკოლის პედაგოგი ქართლოს სამარგულიანი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა იმ დანაშაულისათვის, რომელიც ღრმად მწამს და დარწმუნებული ვარ, არ ჩაუდენია. 

და მე ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობას მედავებიან. 

ცნობისთვის: წინასასამართლო სხდომაზე პროფესიონალმა და კვალიფიციურმა მოსამართლე მადონა მაისურაძემ (დიდი მადლობა მას საქმის გულისხმიერად შესწავლისათვის), გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება და შეწყვიტა ჩემ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. თუმცა აპელაციის მიერ გაუქმებული გადაწყვეტილების შემდეგ ამჟამად  ჩემს საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა.  ვიმედოვნებ, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილიც ანალოგიურად კომპეტენტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და გამამართლებს წარდგენილ ბრალდებაში. 

აქვე იმედს ვიტოვებ, რომ  სააპელაციო სასამართლო რაციონალურად, გულისხმიერად, სამართლიანად განიხილავს და უდანაშაულოდ ცნობს ქართლოს სამარგულიანსაც, რომლის  მსჯავრდება უდიდესი უსამართლობაა და ამ ცოდვით ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა იაროს.

ნუ ჩათვლით ჩემს დუმილს სისუსტედ, ვინც მიცნობთ იცით სიმართლისათვის, ადამიანობისთვის, ღირსების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ, წლებია ამ შეგნებით ვცხოვრობ, ამას  ვასწავლიდი და სიტყვის ნაცვლად საქმით ვმსახურებდი დღემდე.  იმედია, სიმართლე გაიმარჯვებს.

მადლობა მათ ვისაც გჯერათ, გიყვარვართ და თქვენი გვერდით ",- წერს ირმა იჩქიტიძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე მე-20 სკოლის მასწავლებელს, ბრალდებულ ქართლოს სამარგულიანს რუსთავის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალს არ აღიარებს თავად მასწავლებელი.

რამდენიმე დღის წინ კი მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სოლიდარობის აქციაც გამართეს, მოთხოვნით სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და გაათავიუფლოს ქართლოს სამარულიანი.