იცოდი? - რომ რუსთავს უფლისწულების ქალაქი ერქვა.
ჩვენი ქალაქის ისტორია, რომ მინიმუმ 40 საუკუნეს ითვლის, ეს უკვე ვიცით, ვიცით ასევე ლეგენდა მისი დაარსების შესახებაც და თარიღი როდიდან დაერქვა მას რუსთავი.
ამჟამად ვისაუბრებთ, საიდან იღებს სათავეს ჩვენი ქალაქის მეორე სახელწოდება "ბოსტან ქალაქი".
IV საუკუნეში კახეთ-კუხეთის საერისთავო ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის, შვილის უფლისწულის რევის დომენი, იგივე საუფლისწულო მამული გახდა.
რევის გარდაცვალების შემდეგ კუხეთი რუსთავთან ერთად მის მეუღლესა და შვილებს გადაეცა, რომელთა შორისაც იყო თრდატი. "იცოდის" წინა ნაწილში ვისაუბრეთ, რომ სწორედ თრდატს უკავშირდება ქალაქის განახლება, არხის/რუს გაყვანა და პირველი ეკლესიის აშენებაც.
VIII საუკუნემდე, იქამდე სანამ არაბები შემოესეოდნენ საქართველოს, ქალაქი რუსთავი მირიან მეფის უფლისწულის, რევის მემკვიდრეების სამფლობელოს წარმოადგენდა.
სწორედ აქედან წამოვიდა ქალაქის კიდევ ერთი სახელწოდება "ბოსტან ქალაქი".
"ბოსტან/ვოსტან" სათავეს ირანულიდან იღებს და საუფლისწულო მამულს ნიშნავს.
იმ პერიოდის "ბოსტან ქალაქი" 40 ჰექტარზე იყო გაშენებული და 20 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.