საქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. ქალაქში ახლა მომრავლეულია ვირუსი, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა ცუდადაა. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებულია რენოვირუსი, პოლიგრიპიც ცირკულირებს, თვითონ გრიპი ჯერ არ გამოჩენილა.
„პედიატრები ადასტურებენ, რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი ბავშვია გაციებული. ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება. ანუ გაციებას თან ერთვის ბაქტერია. ეს ძირითადად, ვირუსული დაავადებებია (რესპირატორულ – სინციპიალური და რინოვირუსი) და კოვიდს არ უკავშირდება. ასეთ გაციებას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. დაავადებასთან გამკლავება უნდა მოხდეს ტრადიციული მეთოდებით. რა თქმა უნდა, თუ რისკ – ჯგუფის ადამიანს რესპირაციული დაავადების ნიშნები აქვს, ვთხოვ, როგორც იმუნოლოგი და ექიმი, რომ მათ აუცილებლად გაიკეთონ კოვიდის საწინააღმდეგო ტესტი. კოვიდს სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება, „პაქსლოვიდი“ უფასოდ ეძლევათ, რომელიც მხოლოდ კოვიდზე მოქმედებს და სხვა ვირუსზე მისი დანიშვნა არ ხდება.ესაა ძირითადი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა, სასურველია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ხელის ჰიგიენა, რისკის მატარებელი ადამიანების ნიღბის ტარება“.
გრიპთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძეც.
"წელს, რისკები 3 ვირუსის მხრივ არის მოსალოდნელი, კორონავირუსი, რომელიც არსად არ გამქრალა, გრიპის ვირუსი და მესამე ტიპის ვირუსი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა აქამდე ასეთი აქტიური არასოდეს ყოფილა. ძალიან ბევრი ქვეყანა მიუთითებს იმაზე, რომ წლევანდელი წელი ამ ვირუსის თვალსაზრისით გამორჩეულია და განსაკუთრებით ბავშვებში, ამ ვირუსის შემთხვევების მატებამ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა განაპირობა. ეს ისევე, როგორც გრიპის ვირუსი ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.ღრმა, ხშირი მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელია რესპირაციული ვირუსისთვის, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში"- აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე