ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ იგი პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.
სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე:
მუხლი 6.1 - ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნას დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.
მუხლი 6.2 - ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მამალაძის სარჩელი 6.1 მუხლის დარღვევის ნაწილში და სრულად - 6.2 მუხლის დარღვევის ნაწილში.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას იმ მხრივ, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება (ციანიდი) განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ადგილი ჰქონდა მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას (მე-6 მუხლის მეორე პუნქტი) საჯარო მოხელეებისა და პროკურატურის მიერ საჯარო განცხადებების კომბინაციით, საქმის მასალების მედიაში გავრცელებით და არათანაბარი აღსრულებით, რაც მთავარ მოწმეს საჯარო ბრალდებების წაყენების საშუალებას აძლევდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376,304 ლარის ოდენობით ითხოვდა.