იცოდი? - რომ საბჭოთა კავშირში პირველი ტაძარი რუსთავში აშენდა.
საბჭოთა სოციალისტურ სამყაროში პირველი ქრისტიანული ტაძარის მშენებლობა სწორედ რუსთავში 1989 წელს წმინდა ნინოს ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.
ქალაქში ეკლესიის არარსებობაზე ღიად "პერესტროიკის" პერიოდში ალაპარაკდნენ, ამ ყველაფერზე დიდი გავლენა ჰქონდა "ეროვნულ მოძრაობასაც".
კომუნისტურ სამყაროში ახალი ეკლესიის აშენება წარმოუდგენელი იყო, ამიტომ ძირითადი ლეგენდა, რომელზე დაფუძნებითაც ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყება "გამართლდებოდა", ამავე ტერიტორიაზე 1950 წელს გათხრების შედეგად IV-V საუკუნით დათარიღებული აღმოჩენილი სამ ნავიანი ეკლესიის საძირკველია, რისი მიხედვითაც რუსთავში ახალი ტაძარი კი არ აშენდებოდა, არამედ ძველი აღდგებოდა.
"მოქცევაი ქართლის" ცნობებით პირველი ეკლესია რუსთავში თრდატ მეფემ ააშენა.
1989 წელს, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტაძრის საძირკვლის მიმდებარედ დაიწყო ხარების ტაძარის მშენებლობა. პროცესი იმავე წელს დასრულდა და 12 ნოემბერს რუსთავში პირველი ეკლესია გაიხსნა.
თითქმის 720 წლის შემდეგ ჩვენს ქალაქში პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა.
გახსნაზე რუსთავში ჩამოსული იყო უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
პატრიარქმა ახლად გახსნილ ტაძარში მასობრივი ნათლობა ჩაატარა. მონათლულებს შორის იყვნენ როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულებიც.
ტაძრის პირველი წინამძღვარი დეკანოზი თეიმურაზ ტუღუში იყო.
ზუსტად ერთ წელში, 1990, წელს დასრულდა ამავე ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მშენებლობაც.