იცოდი? - როდის შეიქმნა რუსთავის ცენტრალური პარკი და ტბა

2022-10-22 17:33:31

ალბათ არ არსებობს რუსთაველი, რომელიც ერთხელ მაინც არაა ნამყოფი ცენტრალურ პარკში, ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული და საყვარელი ადგილი გახდა თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ამ ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე. თუმცა იცოდი? - როდის შეიქმნა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი და ტბა.

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დაბა რუსთავის ტერიტორიაზე ქალაქის მშენებლობასთან ერთად, გენერალური გეგმის თანახმად უნდა მოწყობილიყო დასასვენებელი სივრცე.

40-იანი წლების დასასრულს მდინარე მტკვარს, რომელიც რუსთავის ციხის მიმდებარედ ჩამოედინებოდა კალაპოტი შეუცვალეს და მის ადგილას ხელოვნური ტბა გააკეთეს.

ამავე პერიოდში მტკვრის ხეობაში, ტყე-ჭალის ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყეს, რომელშიც რამდენიმესაუკუნოვანი მცენარეები იყო, მათ შორის სამასწლოვანი ვერხვები და ცაცხვები.

რუსთავში აშენებული საწარმოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების განსატვირთად და გასართობად ნელ-ნელა დაიწყო ტბის მოწესრიგება. ტბის გარშემო სანაპირო ზოლის მოსაწყობად ქვიშა სპეციალურად აფხაზეთიდან, ბიჭვინთიდან ჩამოიტანეს.

პარკში საკუთარ სივრცეს ნებისმიერი ასაკის რუსთაველი იპოვიდა. მოეწყო ჩოგბურთის, ფრენბურთისა და საჭიდაო მოედნები. სპეციალურად გაკეთდა საცეკვაო მოედანიც, სადაც დამსვენებლები ერთმანეთს ეცეკვებოდნენ, ეწყობოდა კონცერტები.

ცალკე იყო პატარა ბავშვების გასართობი სივრცეც.

საბავშვო სივრცეში განათავსეს სხვადასხვა სახის ატრაქციონი.

გაკეთდა ამფითეატრიც, სადაც კინოჩვენებები იმართებოდა ხოლმე.


1959 წლიდან პარკში ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები და ჩვენი ქალაქის ისტორიის ძიება დაიწყო.

პარკის სტუმრების განკარგულებაში იყო მოტორიანი კატერები, ნავები და წყლის ველოსიპედები.

1962 წლისთვის პარკის ტერიტორიაზე სანიჩბოსნო სკოლა აშენდა.

პარკს ორი შესასვლელი ჰქონდა, ერთი კოსტავას გამზირიდან, ხოლო მეორე წმინდა ნინოს ქუჩის მხრიდან.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები