ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დღეს დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ და მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი არის მართული "კლანის" მიერ და ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია.ისინი რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვენ.
სტუდენტთა განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.
"ეს პროცესი არის არალეგიტიმური. თვალს ვერ უსწორებენ სტუდენტებს და ჩუმად ნიშნავენ რექტორს, რომელიც ხელისუფლების მიერ არის დანიშნული უნივერსიტეტში. სოლიდარობა სტუდენტებს, თავისუფლება უნივერსიტეტს", - აცხადებს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელი, საბა ქერქაძე.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.