ის დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, დაჯარიმდებიან. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დააინიცირა.
როგორც "საპენსიო სააგენტოს" დირექტორმა გიორგი დანელიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კანონში ცვლილების პაკეტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა დასრულებულია.
"საპენსიო ფონდში" აქტივები, რომლებსაც არ ერიცხება პროცენტი, არის ის თანხები, რომლებსაც დამსაქმებელი ჩვენს ნომინალურ ანგარიშებზე რიცხავს, მაგრამ დეკლარაციებს არ ავსებს, ანუ თვითონვე არ უთითებს ვისი ფული არის ეს. შესაბამისად, ამ ფულს ჩვენ ვერ განვკარგავთ იმიტომ, რომ არ ვიცით სქემის რომელი მონაწილის საკუთრებაა, ეს არ არის იდენტიფიცირებული, ამიტომ ასეთი თანხები ჩვენს ანგარიშზე გროვდება. ჩვენ მომზადებული გვაქვს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომლის სამუშაო ვერსიაზე მუშაობაც წინა კვირაში დასრულდა შესაბამის სამინისტროებთან ერთად და ერთ-ერთი პუნქტი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ სქემის მონაწილეებმა იყო, რომ ამ თანხაზე დაგვერიცხა საპროცენტო სარგებელი და ის საპროცენტო სარგებელი გამოგვეყენებინა დაფინანსების წყაროდ, თუმცა იურიდიულად საკმაოდ რთულია და კაზუსს იწვევს, ამიტომ ვერ ხერხდება ამის გამოყენება, ამიტომ ეს თანხა კვლავ დარჩება. თუმცა, რომ შემოვა ეს კანონი პარლამენტში თქვენც გაეცნობით და ნახავთ, რომ არის შემოთავაზებული დაჯარიმების მექანიზმი, რომ იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, პრევენციის სახით ჯარიმის რაღაც ოდენობა განისაზღვროს. ეს ვფიქრობთ, რომ შეამცირებს ამ თანხის ოდენობას, ხოლო მას, ვისაც უკვე გადმორიცხული აქვს ეცდება, რომ გაანაწილოს, სანამ დაჯარიმების მექანიზმი ამოქმედდება და სამომავლოდაც დანიშნულების გარეშე არ გადმორიცხოს თანხები", - განაცხადა გიორგი დანელიამ.