პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიის ზრდა იგეგმება.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი.
"რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე - თითქმის 440 ლარი იქნება პენსია, სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.
გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს, მკვეთრად გამოხატული შშ პირთა სოციალური დახმარებების ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ეს გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა რომ კიდევ გავზარდოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ასევე იგეგმება დევნილთა სახლების მშენებლობა.
"მოგეხსენებათ, დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ. 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და ძალიან მალე დასრულდება, ამისთვის 250 მილიონი ლარია გამოყოფილი 2023 წელს", - განაცხადა პრემიერმა.