იცოდი? - რომ რუსთავში საბაგირო და სანატორიუმი იყო.
რუსთავის "ქიმიკოსთა და მეტალურგთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბალნეოლოგიური ცენტრის" მშენებლობა 1974 წელს იაღლუჯის ქედზე დაიწყო, ხოლო 1975-1976 წლებიდან დამსვენებლების მიღებაც შეეძლო.
მისი ძირითადი ფუნქცია ქალაქში არსებული საწარმოების, მეტალურგიული და ქიმიური ქარხნების თანამშრომლებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სერვისების შეთავაზება იყო.
იაღლუჯის მთაზე მოეწყო სანატორიუმამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი მაინც საბაგირო იყო, რომელიც სანატორიუმთან ერთად აშენდა.
საბაგიროს სიგრძე დაახლოებით 1060 მეტრს უდრიდა. მისთვის იაღლუჯის მთაზე მოეწყო ზედა, ხოლო ფერდობზე ქვედა სადგურები.
რუსთაველებს საბაგიროს 2 გონდოლა ემსახურებოდა, მგზავრობის საფასური კი 20 კაპიკს შეადგენდა.
ისტორიულ არქივს შემორჩენილი საბაგიროს კადრები.
მთაზე სანატორიუმის ორი შენობა იდგა, ერთი მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს ემსახურებოდა, ხოლო მეორე ქიმიური წარმოების, აზოტისა და ქიმბოჭკოს.
სანატორიუმის პირველი მთავარი ექიმი სერგო ბიძიაშვილი იყო. კომპლექსში იყო საუნა, ტენისის, ჭადრაკის სათამაშო და გასართობი სივრცეები.
ბალნეოლოგიურ ცენტრში დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა საწარმოების თანამშრომლების ხარჯებს მთლიანად ქარხნები ფარავდნენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანატორიუმმა ნელ-ნელა თავისი ფუნქცია დაკარგა. სამოქალაქო ომის პერიოდში ამ შენობებში ხან ზვიადისტები, ხანაც მხედრიონელები იყვნენ განლაგებულები.
90-იან წლებში კი ნელ-ნელა როგორც სანატორიუმი, ასევე საბაგიროს ზედა და ქვედა სადგურები გაქურდეს.
დღეს მის ადგილას ნანგრევებიღაა შემორჩენილი.