იცოდი? - რომ რუსთავში სხვადასხვა დროს 6-ზე მეტი კინოთეატრი არსებობდა.
რუსთავში პირველი კინოთეატრი ჯერ კიდევ ქალაქის სტატუსის მინიჭებამდე 1947 წელს წმინდა ნინოს ქუჩაზე კულტურის სახლში გაიხსნა, თუმცა მაშინ ამ დაწესებულებას არა კინო, არამედ კლუბი ერქვა.
პირველი ფილმი, რომელიც რუსთაველებმა ამ კინოთეატრში ნახეს "გიორგი სააკაძე" იყო. კლუბში შესვლა მოზარდებისთვის 30 კაპიკი ღირდა, ხოლო ბავშვებისთვის 10 კაპიკი.
არქიტექტურულად ამავე სტილის შენობა იდგა ჭყონდიდლის დასახლებაშიც, სადაც ასევე ფილმებს უჩვენებდნენ.
მესამე კინოთეატრი ძველ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე იყო, რომელსაც კე-ტე-ემ(КТМ), მეტალურგთა შემოქმედების კლუბი ერქვა.
საზაფხულო კინოთეატრი იყო მოწყობილი კულტურისა და დასვენების პარკში.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოთეატრი იყო მეგობრობის ქუჩაზე მდებარე "რუსთაველი", რადგან საქართველოში შემოსული უცხოური ფილმების პრემიერები ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს სწორედ აქ იმართებოდა. კინო 1968 წელს აშენდა და პირველი უცხოური ფილმი, რომელიც უჩვენეს, ინდური ფილმი იყო. ბილეთი 50 კაპიკი ღირდა.
80-იან წლებში კინოთეატრ რუსთაველში ხანძარი გაჩნდა და დაიწვა, თუმცა თავისი ფუნქცია არ დაუკარგავს.
ხანძარი იყო 2013 წელსაც, ცეცხლი კინოს დიდ დარბაზში გაჩნდა. ბოლო 10 წელში კინოთეატრი "რუსთაველის" შენობაში ხან პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ოფისი იყო განთავსებული, ხანაც სხვადასხვა ბრენდების სამორინეები. ახლა კი "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალია.
როგორც კი მარჯვენა სანაპიროს განაშენიანება დაიწყო 1956-1957 წლებში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ააშენეს კინოთეატრი "მერცხალი", იგივე კომსმოლეცი, სადაც ძირითადად საბავშვო ფილმები გადიოდა.
90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა კინოთეატრი "მერცხალის" შენობა დაანგრიეს.
კიდევ ერთი კინოთეატრი ახალ რუსთავში მეგობრობის გამზირზე იყო, რომელიც, სავარაუდოდ, 80-იან წლებში უნდა აშენებულიყო. თავდაპირველად მას "ოქტომბერი" ერქვა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელი შეეცვალა და "ივერია" დაერქვა.
ახლა ეს შენობა აღარ არსებობს, მის ადგილას მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება.
ზემოთ ჩამოთვლილი კინოთეატრების გარდა რუსთავში იყო სხვადასხვა დაწესებულება, რომელსაც სხვადასხვა დროს კინოჩვენებებისთვის იყენებდნენ. ასევე არსებობდა მოძრავი კინოთეატრები.