სკოლა "რეცაში" სასწავლო პროცესი გაგრძელდება

2022-09-16 11:47:42

სკოლა "რეცაში" ორშაბათიდან სასწავლო პროცესი ოფიციალურად გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა, ვახო აბაიშვილმა მიაწოდა. 

მისი თქმით, განათლების სამინისტრომ სკოლას ხარვეზების აღმოსაფხვრელად გარკვეული დრო მისცა.

"ოფიციალურად ვაგრძელებთ სწავლას. საოცარ დათმობაზე წამოვიდნენ კარგი გაგებით, დაინახეს ყველაფერი და მოგვცეს გამოსაცდელი დრო. მართლა ძალიან მადლობელი ვარ. 

29 სექტემბრამდე მაქვს მე ავტორიზაცია და უნდა მოვასწროთ. გამონაკლისი დაუშვეს, იმდენად დაინახეს, რომ ცოტა სხვანაირები ვართ. ის დრო, რაც მაქვს, უნდა გამოვიყენო ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. შეიძლება ცოტა კიდევ დაგვიმატონ, თუ ვერ მოვასწარით, მაგრამ მე მზად ვარ ვაჩვენო, რაც გამოვასწორე. გვქონდა შეცდომები, მაგრამ ეს ჩვენი ბრალიც არის.

სააპელაციომ რომ დაავალოს საბჭოს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი, სააპელაციოს უნდა დავანახო, რა საბაბით ვითხოვ ამას, რა არგუმენტი მაქვს, ამ არგუმენტს რომ მიიღებენ, ეტყვიან საბჭოს, მოდით, რეცას თავიდან შევხედოთ. ამიტომაც სააპელაციოში უკვე გამოსწორებული და აღმოფხვრილი ხარვეზებით უნდა მივიდეთ",- განაცხადა სკოლის დირექტორმა. 

აბაიშვილს ავტორიზაციის შეჩერების მიზეზებზეც ვკითხეთ, რასთან დაკავშირებითაც ჯერჯერობით ოფიუციალურ ინფორმაციას არ გასცემს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

"ავტორიზაციის შეჩერების ერთი მიზეზი იყო ის, რომ არ ვიყავით ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო სქემაში, თუმცა ახლა ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. ასევე ინფრასტრუქტურა იმ თვალსაზრისით, რომ მე არ მქონდა ზაფხულში სასწავლო პროცესი და მზადაც ვერ დავხვდი, მაგრამ ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ", - აცხადებს ვახო აბაიშვილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები