შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

2022-09-13 11:01:46

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში "ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით".

განცხადებაში ნათქვამია, რომ "სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებულ მიწებსა და გზებზე ნაღმებს ანთავსებდნენ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა შეტაკებები".

ამასთან, სომხური მხარის ცნობით, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიისა და მსხვილკალიბრის ქვემეხებიდან სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს გორისის, სოტკისა დაჯერმუქის მიმართულებით.

თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, არამ ტოროსიანი ინფორმაციით, "აზერბაიჯანული მხარის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგად დაწყებული სროლა, განუწყვეტელი ინტენსივობით გრძელდება".

"მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება", - განაცხადა არამ ტოროსიანმა.

მისი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად უპასუხებენ მტერს და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანებს.

როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.