რუსთავის რომელი სკოლები ვერ მიიღებენ მოსწავლეებს

2022-09-10 20:00:16

რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლები მოსწავლეების მიღებას 15 სექტემბრიდან ვერ შეძლებენ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდებათ, რაც ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სწორედ აღნიშნული ფონდი აფინანსებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

დირექტორების თქმით, ოქტომბრამდე მოსწავლეებს სხვა  სკოლებში ჩაუტარდებათ გაკვეთილები.

სამუშაოებს წელიწად ნახევარზე მეტია ტენდერებში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+" ასრულებს.

კომპანიას რეაბილიტაცია 2021 წლის 16 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადის გადაწევა 2022 წლის 25 ივნისამდე ითხოვა.

აპრილში შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+-ის" დირექტორმა, ირაკლი ბერძენიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ შესაძლებელი იყო, 25 ივნისის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ დამატებით რამდენიმე თვით გადადებულიყო, თუმცა რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებლად იქნებოდა დასრულებული.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა გახდა ვადების კიდევ ერთხელ ცვლილების მიზეზი, თუმცა კომპანიასთან კომუნიკაცია ამჯერად ვერ მოხერხდა.