რუსთავში საწარმოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა [video]

2022-09-05 13:18:27

რუსთავში საწარმო "რუსელოისის" 400-მდე თანაშრომელი გაიფიცა. მუშები ხელფასების 50%-ით ზრდას ითხოვენ.

როგორც "ინფო რუსთავს" დასაქმებულებმა განუცხადეს, ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ. მათივე ინფორმაციით, საწარმო ამ დროისთვის გაჩერებულია.

მოთოვნებთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" "რუსელოისის" გენერალური დირექტორის მრჩეველს, გიორგი ბარნაბიშვილს ესაუბრა.

ბარნაბიშვილის თქმით, იმის რესურსი, რომ თანაშრომლებს ხელფასები მოემატოთ, კომპანიას არ აქვს.

"ჩვენ განა არ გვინდა, რომ ხალხს ხელფასი მოვუმატოთ, პირიქით, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით ამას, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს ამის საშუალება. მეტსაც გეტყვით, ზარალზე მუშაობს კომპანია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ავუხსენით, მაგრამ გადასული არიან რადიკალურ ფორმებზე. გამორიცხულია ამაზე წასვლა, რადგან ისედაც ძალიან რთული სიტუაციაა. ჩვენთვის ღუმელის გაჩერება არის კატასტროფის ტოლფასი, იმხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც დღეს გააკეთეს, მაგრამ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების რესურსი არ გვაქვს", - განაცხადა ბარნაბიშვილმა.




ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები