რუსთავის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბარავკოვს ბიოლოგიური დედისათვის შვილის მოპარვასა და მის გაყიდვაში სდებენ ბრალს.
ნინი მოხევიშვილს დედამ 18 წლის ასაკში გაუმხილა, რომ ნაშვილებია. ახალგაზრდა ქალის თქმით, აღმზრდელმა მშობლებმა ის რუსთავის გზატკეცილზე, ალექსანდრე ბარავკოვისგან, 1000 დოლარად წლების წინ იყიდეს.
"1995 წელს ჩემი აღმზრდელი მშობლები მივიდნენ ალექსანდრე ბარავკოვთან და მოილაპარაკეს, რომ ბავშვის აყვანა უნდოდათ. მან უთხრა, მყავს რუსქართველა ბავშვი, რომელიც ძალიან ლამაზია და თუ გნებავთ, 1000 დოლარად იყიდება ეს ბავშვიო, დანარჩენი ბავშვები, რომლებიც სამშობიაროში ყავდა იმ პერიოდში, იყვნენ 500 დოლარი.
მეორე დღისით მივიდნენ დათქმულ დროს, დილის საათებში და მოხდა ბავშვის გადაცემა რუსთავის ტრასაზე", - აცხადებს ნინო მოხევიშვილი.
ახალგაზრდა ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს, მისი თქმით, დახმარება თავად ბარავკოვსაც სთხოვა.
"თხოვნით ვიყავი მე მისული, რომ იქნებ დამაკვალიანო მეთქი, თუმცა უშედეგოდ. ჩემი მიზანი ჩივილი არ იყო", - უყვება "ინფო რუსთავს".
ნინი მოხევიშვილის თქმით, სავარაუდოდ, მის ბიოლოგიურ მშობლებს წლების წინ უთხრეს, რომ შვილი გარდაეცვალათ. ახალგაზრდა ქალის ინფორმაციითვე, უკვე დაწყვებულია გამოძიება, სადაც მოწმის სახით დაიკითხა მისი აღმზრდელი დედაც.
"ინფო რუსთავი" თემასთან დაკავირებით რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორს, ალექსანდრე ბარავკოვს დაუკავშირდა. მან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ თქვა ის, რომ ყველანაირი ბრალდება სიცრუეა.