ერევანში სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო სამსახურის დირექტორმა არსენ გასპარიანმა განაცხადა.
"ამ დროისთვის ვიცით 45 დაშავებულის შესახებ. ოპერატიული მდგომარეობა რჩება მძიმე როგორც ხანძრის ჩაქრობის, ასევე სამაშველო სამუშაოების კუთხით", - განაცხადა მან.
გასპარიანის თქმით, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო ბრიგადები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ, რადგან პიროტექნიკის აფეთქება გრძელდება.
"ოპერატიული ვითარება საკმაოდ რთულია, მიმდინარეობს სამუშაოები ხანძრის ჩაქრობისა და ხალხის გადარჩენის მიზნით. ამ დროისთვის კვლავ ისმის პიროტექნიკის აფეთქებების ხმა, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მუშაობას",- განაცხადა არსენ გასპარიანმა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.