თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. 32 წლის მამაკაცს გამოძიება 6 ადამიანის დაჭრას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ერთ-ერთ ბარში მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ობიექტის დაცვის თანამშრომლები იარაღით დაჭრა.
დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსსს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ამავე ბარის 5 დაცვის თანამშრომელი და ერთი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.