სესხის გაცემა მხოლოდ ლარებში

2022-07-19 11:41:26

მიკრობანკებს სავალუტო სესხების გაცემა აღარ შეეძლებათ - ამას მიკრობანკების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტის უკანასკნელი რედაქცია ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, ერთადერთი ვალუტა, რომელშიც მიკრობანკებმა უნდა გასცენ სესხები არის ლარი.

გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის დამფუძნებელმა გია პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა მიკრობანკებსა და კომერციულ ბანკებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რადგანაც ბანკებს 200,000 ლარს ზემოთ სავალუტო კრედიტების გაცემა შეუფერხებლად შეუძლიათ, ხოლო მიკრობანკებს ამ კატეგორიის კრედიტების გაცემა საერთოდ არ შეეძლებათ.

გია პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება მხოლოდ კანონპროექტის ბოლო რედაქციაში გაჩნდა და წინა ვერსიები მიკრობანკებს დოლარსა და ევროში სესხების გაცემას არ უზღუდავდა.

"კანონპროექტი, რომელიც სებ-მა გაგვაცნო, იქ იგულისხმებოდა, რომ 200,000 ლარს ზემოთ როგორც ბანკებს, ისე მიკრობანკებსაც ექნებოდათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, სულ ბოლო რედაქციაში, რომელიც ვიხილეთ სებ-ის საიტზე, გაჩნდა ჩანაწერი, რომ სესხების გაცემა უნდა იყოს მხოლოდ ლარში. იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო კოდექსით 200,000 ლარს ზემოთ სესხების გაცემა არის შესაძლებელი, მიკრობანკებს ეს უფლება არ ექნებათ, რაც არის გულდასაწყვეტი, რადგან ეს ნამდვილად არ გვაყენებს თანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში. ისედაც ბანკებს საკმაოდ ბევრი კონკურენტული უპირატესობა ექნებათ მიკრობანკებთან მიმართებიტ და ვფიქრობ, ეს სერიოზული შეზღუდვა  მიკრობანკებისთვის კონკურენციას გაართულებს.

გახსოვთ, რომ ადრე იყო მსჯელობა და ექსპერტების მონაწილეობით შეჯერდნენ 200 ათასიან ზღვარზე. რატომ უნდა მოხდეს საკმაოდ მცირე სეგმენტისთვის, ფინანსური ბაზრის რაც შეიძლება იყოს 1-1.5% საფინანსო სექტორის და რატომ უნდა იყოს სექტორის 1.5% შეზღუდული და რა ეფექტს მოუტანს ამ სეგმენტს გატარებული ლარიზაცია.

თუკი ეს მთლიანად საფინანსო სექტორისთვის იქნებოდა, ეს სამოქალაქო კოდექსით უნდა მომხდარიყო და ეს ყველა მოთამაშისთვის ერთიანი პირობა იქნებოდა.

თავის დროზე, როდესაც საუბარი იყო რეგულაციაზე, ნათქვამი იყო, რომ 200,000 ლარი არის ის თანხა, როდესაც მსესხებელი არის გათვითცნობიერებული მსესხებელი. აქედან გამომდინარე, მე პირადად ვემხრობი ამ ზღვარის 200,000 ლარზე დატოვებას.

მიკრობანკების კანონი იყო უკვე აუცილებელი, რადგანაც ჩანდა, რომ რამდენიმე მისო თავისი ზომით და განვითარებით უკვე ჭერს მიებჯინა და უფრო წინ ვეღარ მიიწევდნენ. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ პროგრესი გაგრძელდება და ამ მიკროსაფინანსოების მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგ ადგილი არ დარჩება ცარიელი - დარჩენილი მისოები გაძლიერდებიან", - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.