"ახალაშენებული სახლები დაბზარულია" [photo]

2022-07-13 18:36:33

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მათი სოფლის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დიდი რაოდენობით დაყრა ხდება.

რამდენიმე ტონიანი სამშენებლო მასალით დატვირთული ტრაილერების გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე იწვევს მტვერს და ახალაშენებული სახლის კედლების დაბზარვას.

"მთელი თბილისის ნაგავი ჩვენს ქუჩაზეა. სამშენებლო ნარჩენებს ყრიან. 60 ტონიანი მანქანები დადიან, დაბზარულია ახალაშენებული სახლები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აღარ იარონ აქ ამ მანქანებმა. დამტვერილია ქუჩები",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობამ ადგილზე გამოიძახა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური, სადაც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ სოფლის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრა უკანონოდ ხდება.

"იქიდან გამომდინარე, რომ დამრღვევი ადგილზე არ იყო, შევადგინეთ აქტი, რომ დაყრილია ნამდვილად და გადავაგზავნეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დასუფთავების მიზნით. ჩვენ კი პერიმეტრზე გავამკაცრებთ კონტროლს",- აცხადებენ გარემოსდაცვით ზედამხედველობაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები