"კიდევ არსებობენ წესირი და პატიოსანი ადამიანები"

2022-07-10 14:01:38

რუსთავში, რუსთაველის გამზირზე არსებულ რეკრეციულ სივრცეში 18 წლის თამარ ბოლქვაძემ საფულე იპოვა, სადაც 500 ლარი იდო და მეპატრონეს დაუბრუნა.

ფაქტის შესახებ "ინფო რუსთავის" ჯგუფში პოსტი გამოქავეყნა საფულის მფლობელის ცოლმა, რომელმაც გოგონას საჯაროდ მადლობა გადაუხადა. 

"რამდენიმე დღის წინ, რუსთავის ერთ-ერთ სკვერში, მეუღლეს ჯიბიდან ამოუვარდა საფულე, რომელშიც ფულთან ერთად იდო პირადობა, მართვის მოწმობა, ბანკის ბარათები. თამარ ბოლქვაძეს არ დაეზარა, Facebook-ზე მოგვძებნა, მოგვწერა მესენჯერში, დაუკავშირდა ბანკის თანამშრომელს, გაიგო ნომერი და ფაქტიურად, საფულის დაკარგვიდან ერთ საათში, მეუღლეს დაუკავშირდა და დაგვიბრუნა ყველაფერი უკლებლივ.

კიდევ არსებობენ წესირი და პატიოსანი ადამიანები.

უღრმესი მადლობა, წესიერ ადამიანს და ღირსეულ მოქალაქეს თამარ ბოლქვაძეს და მის ოჯახს!", - წერს მაია ღიბრაძე სოციალურ ქსელში.

როგორც მან "ინფო რუსთავს" უთხრა, საფულის პოვნის იმედი არ ჰქონდათ.

"არ გვქონდა პოვნის იმედი, რადგან საღამოს ბევრი ხალხი მოძრაობს სიმართლე გითხრათ, ქმარმა არც კი იცოდა, რომ ამოუვარდა ჯიბიდან, სახლში შემოვიდა და როგორც კი აღმოაჩინა, იმ წუთას დაურეკა თამარმა. მანამდე კი მოწერილიც ჰქონდა, უბრალოდ გვიან ვნახეთ", - გვიყვება ქალი.

რაც შეეხება თამარ ბოლქვაძეს, რომელმაც საფულე მესაკუთრეს დაუბრუნა, მისი თქმით, დედასთან ერთად სეირნობდა და ნივთი დანახვისთანავე აიღო, რათა ამით სხვას ბოროტად არ ესარგებლა. 

"მე და დედაჩემი ვსეირნობდით და მაშინვე ავიღეთ, რომ ვინმე სხვას არ აეღო და არ გამოეყენებინა თავისთვის. პირველ რიგში, პირადობა ვნახეთ, რომ თუ ვერ ვიპოვიდით ახლომახლო, ინფო რუსთავში დამეპოსტა და სოციალური ქსელის გზით მომეძებნა ეს პიროვნება", - უთხრა საინფორმაციო სააგენტოს 18 წლის გოგომ. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები