რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტანსაცმლის სექციაში დასაქმებული მოვაჭრეები გაიფიცნენ.
მოვაჭრეების თქმით, მათ დასვენების დღეები არ აქვთ და თუ მოხდება ისე, რომ გამოუვალი მდგომარეობის გამო ვერ იმუშავებენ, ადმინისტრაცია დასაქმებულებს საიჯარო გადასახადს მაინც ახდევინებს, რაც მათთვის ძალიან მძიმე ტვირთია.
გაფიცულები თვეში დასვენების 2-3 დღეს ითხოვენ.
"მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ თვეში 2-3 დღე დავისვენოთ, სხვას არაფერს. მე ავად რომ ვიყავი და გავაცდინე გუშინ, მაინც უნდა გადავიხადო გადასახადი. გამოუვალი შემთხვევის გამო როცა გავაცდენ, ის არ უნდა გადამახდევინო, როცა ავად ვარ, როცა ექიმთან წავედი", - აცახდებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ბრალდებებს არ აღიარებენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ მოვაჭრეების მდგომარეობაში ყოველთვის შედიან და განაცდური დღეების თანხას არ ახდევინებენ.
"ეს კომერციული ადგილებია, ისინი ითხოვენ შვებულებას და ეს ხომ წარმოუდგენელია შევცვალო მთელი კანონმდებლობა. რაც შეეხება იმას, ვიღაცას რაღაცა რომ სჭირდება, ვისაც რაიმე პრობლემა ჰქონია, ყველას გავუწიეთ შეღავათი, სიაც გვაქვს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მოვაჭრეების თქმით, მათ არ სურთ ადმინისტრაციასთან მუდმივად თხოვნის რეჟიმში ყოფნა და უნდა მიეცეთ კუთვნილი დასვენების დღეები, რაც შრომითი კოდექსითაც გათვალისწინებულია.
მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მხრიდან დასაქმებულების მდგომარეობაში შესვლა ძალიან იშვიათად ხდება.
მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, გაფიცულები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.