რუსთაველი ბავშვები საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან და ფულს აგროვებენ [video]

2022-06-24 18:36:45

რუსთაველი ბავშვები უბნისთვის საერთო ველოსიპედის საყიდლად ფულს აგროვებენ. [ვიდეო/video]

ფულის გამომუშავებისთვის საუკეთესო გზა აირჩიეს - პატარები მათ მიერ შექმნილ ნაძერწებსა და ნახატებს ქუჩაში ყიდიან. ახლო მომავალში, შესაძლოა, ამ ჩამონათვალს ხელნაკეთი ნივთებიც შეემატოს, მას შემდეგ, რაც 9 წლის ბარბარეს დედა ბისერებით დაასაჩუქრებს.

ბარბარე, ალექსანდრე, დემეტრე, სანდრო და კიდევ მათი რამდენიმე მეგობარი, 24-ე საჯარო სკოლის წინ შეგხვდებიან. ბავშვების ჟრიამული, ულამაზესი ნამუშევრები და რაც მთავარია, იდეა და მუხტი, რომელიც აერთიანებთ, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.

ისინი ერთმანეთის მეზობლები და საუკეთესო მეგობრები არიან, ამბობენ, რომ ველოსიპედს აუცილებლად სამართლიანად გაიყოფენ და მის გამო არცერთი წუთით არ იკამათებენ.

ზოგიერ მათგანს მხატვრობა, ზოგს კი მოქანდაკეობა სურს. 8-9 წლის ბავშვები სამომავლო გეგმებზე უკვე ძალიან მკაფიოდ და ჩამოყალიბებულად საუბრობენ.

400 ლარი - ესაა თანხა, რომლის შესაგროვებლადაც ირჯებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ფეისბუქ გვერდსაც შექმნიან და ფულის საკუთარი შრომით გამომუშავებას ამ თანხის შეგროვების შემდეგ, სხვა მიზნებისთვისაც გააგრძელებენ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები