რუსთავში ბინების დაგირავებაზე მოთხოვნა გაიზარდა

2022-06-18 12:23:22

ბინების დაგირავებაზე რუსთავში მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტებმა განუცხადეს.

საინფორმაციო სააგენტომ გადაწყვიტა გაერკვია, ყიდვისა და დაქირავების პარალელურად, გაიზარდა თუ არა ფასები ქალაქში საცხოვრებელი სახლების დაგირავებაზე.

როგორც უძრავი ქონების აგენტები აცხადებენ, ბინის გაგირავების ღირებულებას, საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად განსაზღვრავს მისი მეპატრონე, ამიტომაც ფასები სტაბილური არაა, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ გირავნობის საშუალო ღირებულებებზე.

ბოლო წლებში, 7 000-8 000 დოლარზე ნაკლებად რუსთავში ბინა აღარ გაგვიგირავებია - ამბობენ აგენტები.

მათივე ინფორმაციით, ამ მინიმალურ თანხადაც სახლს მხოლოდ ე.წ. საერთო საცხოვრებლებში ნახავთ.

თანხა, ბუნებრივია, ოთახების რაოდენობაზე, სახლის მდებარეობასა და მის კეთილმოწყობაზეა დამოკუდებული.

ყველაზე მოთხოვნადი ერთოთახიანი ბინის დაგირავებაა, მის დასაგირავებლად კი მინიმუმ 10 000 -12 000 დოლარი დაგჭირდებათ, მაქსიმალური თანხა 17 000 დოლარამდეც მერყეობს.

რაც შეეხება ოროთახიანი ბინის ფასებს - კეთილმოწყობილი, ცენტრალურ ქუჩებზე საშუალოდ 15 000 დოლარიდან იწყება.

როგორც უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, მაქსიმალური თანხა, რაც რუსთავში გირავნობაში გადაუხდიათ, 20 000 დოლარია.

მათივე ინფორმაციით, მოთხოვნა მაღალი არაა სამოთახიან ბინებზე.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები