რეკომენდაციები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით

2022-06-08 12:01:16

ტემპერატურის მატებასთან ერთად, რუსთავში იმატა ქვეწარმავლებზე გამოძახებებმაც.

რა პრევენციულ ზომებს შეუძლიათ მიმართონ მოქალაქეებმა?

აღნიშნული რეკომენდაციებისთვის "ინფო რუსთავმა" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით იშხნელი ჩაწერა.

როგორც იშხნელი აღნიშნავს, პირველ რიგში, აუციელებელია ეზოს დასუფთავება.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ეზოს დასუფთავება. ეზო უნდა გაიწმინდოს მაღალი ბალახისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან - რემონტის შემდეგ დარჩენილი სხვადასხვა ნივთისგან, იქ ისადგურებს ქვეწარმავლის საკვები, ვგულისხმობ მღრღნელებს, ფეხსახსრიანებს, ობობებს, ბაყაყებს. სადაც მათ შესვლის და დაბინადრების საშუალება აქვთ, ქვეწარმავალიც იქ მიდის. არ არსებობს ხსნარი ან რაიმე მსგავსი, რასაც მოასხამ კონკრეტულ ადგილას და იქ ქვეწარმავალი აღარ გაივლის. ამიტომ ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ბიოლოგიური მეთოდით ვებრძოლოთ.

კორპუსის თავმჯდომარეს შეუძლია, განცხადებით მიმართოს აიიპ რუსთავის კორპუსს და მისცემენ სათიბ აპარატს, მოსახლეობა ასე შეძლებს ეზოში მაღალი ბალახი გათიბოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვატარებთ პრევენციულ ზომებს. იმ ლოკაციებზე, სადაც გავრცელების ალბათობა მაღალია, ხდება დათვალიერება და ქვეწარმავლების ამოკრეფა, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" დავით იშხნელმა.