ლილემ ფურცელზე პირველი სილუეტისებური მონახაზი 13 წლის ასაკში გააკეთა. აქ ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ხვდებოდა იმასაც, რომ უბრალო "მონახაზების" შექმნაც კი, თანატობელთან შედარებით უკეთ გამოსდიოდა.
ასე აღმოაჩინა მთავარი ნიჭი, რომელიც თავიდან მხოლოდ "გამოძრომის ხერხი" ეგონა, ცხოვრების სიყვარულად კი მოგვიანებით იქცა.
"თავდაპირველად ეს გასართობი იყო, მოგვიანებით ერთ-ერთი საშუალება, რომ ახლობლის დაბადების დღეს ხელცარიელი არ ვყოფილიყავი".
ხატვით სერიოზულად მე-9 კლასში დაინტერესდა, როცა ხელოვნების ისტორიის სწავლა დაიწყო. ხელოვნების სიღრმე სკოლის მერხზე შეიცნო და უპირობოდ აირჩია მისი მომავლის მეგზურად.
"ჩემი "გამოძრომის ხერხით" სერიოზულად მეცხრე კლასის შემდეგ დავინტერესდი. ეს სკოლაში ხელოვნების ისტორიის სწავლამ განაპირობა. ძველი მხატვრების შემოქმედებების ყურებამ და განხილვამ მეტად მომანდომა მეც შემოქმედად ვქცეულიყავი. მშობლებმა ამ მხრივ ხელი შემიწყეს და როდესაც ჩემი მონდომება შეამჩნიეს, მასწავლებელთან მიმიყვანეს".
ჩაის დალევ? - ჰკითხა მასწავლებელმა
დიახ - უპასუხა ლილემ.
და მთავარი ძაფიც ხატვის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ასე გაიბა. ასე გახდა ხატვის მასწავლებლის სახლი სამყაროში ყველაზე საყვარელი სახლი პატარა გოგონასთვის, რომელმაც დიდ საქმეებთან შეჭიდება დაიწყო.
"პირველ გაკვეთილზე დიდ მოლოდინებს ვამყარებდი. ამ პერიოდისთვის ხელოვნება უკვე ის სფერო იყო, რომელიც ტვინის თითოეული უჯრედით მიყვარდა. არ მსურდა, რომ არასწორ მასწავლებელს მისი შექმნის პროცესი არასასიამოვნო კვირის რუტინად ექცია და საბედნიეროდ, გამიმართლა. მან პირველივე ჯერზე სწორი სვლა გააკეთა და ჩაი შემომთავაზა. მას შემდეგ დაახლოებით ორი წელი გავიდა. ქალბატონ ტატიანასთნ ხელის ტექნიკა დავხვეწე. მუსიკის ფონზე შექმნილი ყოვლი ნამუშევრის შემდეგ ჩემს შეცდომებზე ვსწავლობდი. ეს ადგილი კომფორტის ზონად იქცა".
ლილეს ყველაზე მეტად ანგელოზების ხატავა უყვარს.
"საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ანგელოზების, განსაკუთრებით კი ეროსის ხატვა მსიამოვნებდა".
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვერ ქმნიდა იმას, რაც სურდა. რაც არ უნდა ეცადა, ნახატი სრულყოფილი ყოფილიყო, საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვერ რჩებოდა, ეს ის არ იყო, რასაც ელოდა.
არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ძალისხმევას ჩადებდა ნამუშევარში, ხედავდა იმას, რომ მათში მთავარი - გრძნობები არ იდო. მიუხედავად იმ სიყვარულისა, რომელითაც ნახატს ქმნიდა, საბოლოოდ ყველა ნახატი ცარიელი იყო.
"მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ჩემი ცხოვრების ურთულეს პერიოდში საკმარისიად დაგროვდა ის განცდები, რომლებიც უნდა გამომეხატა. მსმენია, რომ ტკივილი ხელოვანს საუკეთესო ნამუშევარს აქმნევინებს. ამჯერად გრძნობებმა პროცესზე მეტ ხანს გასტანა და მეც ის შევქმენი, რაც მაკმაყოფილებდა. მიუხედავად დასამუშავებელი დეტალებისა, ჩემი ნახატი პირველად მომეწონა.ამ ტილოს შემდეგ ბევრ ნახატზე მიმუშავია, მაგრამ იმავესთვის აღარ მიმიღწევია".
ლილე მომავალი არქიტექტორია. იაზრებს, რომ ხატვა მისთვის შემოსავლის წყარო შესაძლოა ვერ გახდეს, ამიტომაც განსაკუთრებულად კარგი "მათემატიკური აზროვნება" პროფესიის არჩევაშიც დაეხმარა.
არაფერი ხატვის გარეშე და ყველაფერი ხატვასთან ერთად...