სასამართლომ "კონსერვატიული მოძრაობა" 218 ათასი ლარით დააჯარიმა

2022-06-06 18:44:47

პარტია "კონსერვატიული მოძრაობა", სასამართლომ 218 ათასი ლარით დააჯარიმა.

მათ წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა.

სადავო იყო 2021 წელს შევსებული დეკლარაცია. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არასწორად იყო შევსებული - პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია - სწორედ ამ დროის გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები;
გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულობების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულობებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭვდასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე.

სასამართლომ აუდიტის სამსახურის მოსაზრება გაიზიარა და პარტიას სავარაუდოდ დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა. პარტიის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს პოზიციას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.