სახელმწიფო ტყისთვის ზიანის მიყენება

2022-06-03 11:20:25
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყის ფონდში 8 მუხლუხიანი ტრაქტორი დალუქეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით უნებართვოდ შესვლა-გადაადგილების ფაქტები გამოავლინეს თიანეთის მუნიციპალიტეტში, კინთის მთის ტერიტორიაზე, ტყის ფონდში. მოქალაქეები კუთვნილებაში და დროებით სარგებლობაში მქონე მუხლუხიანი 3 ტრაქტორით გადაადგილდებოდნენ, რის გამოც სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 128(6) მუხლის პირველი ნაწილით. ამასთანავე, დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტრაქტორების გადაადგილების შედეგად მოხდა მიწის ნაყოფიერი ფენის (ჰუმუსი) გაუვარგისება.

შესაბამისად, სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითაც შედგა.

5 ტრაქტორი დაილუქა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ: კახეთის სატყეო სამსახურის ახმეტის სატყეო უბნის თანამშრომლებმა, ახმეტის სატყეო უბანზე მუხლუხიანი მძიმე ტექნიკის უნებართვოდ გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული ტექნიკის მიერ მოგლეჯილია რამდენიმე ძირი რცხილის სახეობის ხე-მცენარე, ასევე მოხსნილი და გადაადგილებულია მიწის ნაყოფიერი ფენა.

ხაშურის სატყეო უბნის ძამის სატყეოში, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია მუხლუხიანი ტრაქტორები, რომლებითაც მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვას ახორციელებდნენ.
გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კი, ზოტის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრაქტორის უნებართვოდ შესვლისა და გადაადგილების 2 ფაქტი გამოავლინეს. ასევე დალუქულია მძიმე ტექნიკა, რომლითაც სამართალდამრღვევი 12,74 კუბური მეტრი მოცულობის ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეების გადაზიდვას ახორციელებდა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.