სიჩქარის გადაჭარბების 873 144 შემთხვევა

2022-05-09 15:24:45

საქართველოს აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე შსს-ს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე რეაგირება ხშირად არასაკმარისია. ანგარიშის მიხედვით, წინა აუდიტის შემდგომ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა. 2018 წელთან შედარებით, 2020 წელს, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 873 144 შემთხვევა შეადგინა. აღნიშნული გარემოება ტექნიკური საშუალებების, კერძოდ, ვიდეოკამერებისა და რადარების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, სიჩქარის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. მიზეზად აუდიტის სამსახური არასაკმარის სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის თვალსაზრისით გაწეული საქმიანობას ასახელებს. რის გამოც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მიიღწევა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაცია − პოლიციის არასტაციონარული, პორტატული სიჩქარის მზომი რადარებით აღჭურვისა და რადარების ინტენსიური გამოყენების შესახებ სრულყოფილად არ შესრულებულა.

,,სიჩქარის კონტროლის ავტომატური სისტემა დარღვევად ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ აფიქსირებს სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სხვა დიდგაბარიტიანი ავტომობილების მიერ, მათთვის დადგენილი სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბებას, რასაც ხშირად თან ახლავს ლეტალური შედეგით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები. აქედან გამომდინარე, სექციური რადარების შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით დაპროგრამებამდე, ეფექტიანი იქნება სიჩქარის მზომი, პორტატული რადარების ინტენსიური გამოყენება“ - წერია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვერ იქნეს აღმოჩენილი კონკრეტული ვიდეოკამერების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი და შესაბამისად, მისი ხელმეორედ ექსპლუატაციაში გაშვების პერიოდი გახანგრძლივდეს. აუდიტის მიმდინარეობისას, საშუალოდ, სიჩქარის კონტროლის სექციების 17.3% არ ფუნქციონირებდა, თუმცა მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი სისტემა რა პერიოდში გაითიშა და რა ხნის მანძილზე იყო უმოქმედო, ვერ წარმოუდგინეს. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს სამართალდარღვევების გამოვლენის ეფექტიანობაზე.