"ჩემთვისაც სასურველია, რომ ციხე არ აშენდეს"

2022-05-06 11:58:40

"ჩემთვისაც სასურველია, რომ ციხე არ აშენდეს და მოიძებნოს ალტერნატივა", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელების მხრიდან ერთ-ერთი კითხვა რუსთავში დაწყებული ციხის მშენებლობას ეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დამატებით ინფორმაციას სიახლეების შესახებ იუსტიციის სამინისტროში დააზუსტებს.

"ჩემთვისაც სასურველია, რომ ციხე არ აშენდეს და მოიძებნოს ალტერნატივა. ამ ეტაპზე, საბოლოო ინფორმაცია სამინისტროსგან არ გვაქვს და მე შემიძლია, რომ დავინტერესდეთ და კიდევ დამატებით მოგაწოდოთ ამ თემასთან დაკავშირებით, თუკი რამე სიახლეა და გეგმავს სამინისტრო. პოზიცია ჩვენიც არის ის, რომ სასურველი არაა ციხე აშენდეს და იქნეს ალტერნატიული ადგილი მოძებნილი, ჩვენ კი ეს ტერიტორია გამოვიყენოთ სხვა შესაძლებლობით. ამაზე შემიძლია, რომ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, სამინისტროსგან რაც გვექნება", - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობა 2019 დაიწყო, რასაც ქალაქში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები