ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს

2022-04-11 16:49:30

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს, ამ პერიოდში რეგულარული სამხედრო შეტაკებები „გარანტირებულია“. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მან დღევანდელი ვითარება ისრაელსა და არაბებს შორის არსებულ მდგომარეობას შეადარა. მისი თქმით, ისრაელ-არაბებს შორის ხუთი დიდი ომი მიმდინარეობდა, „ვიდრე არ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და სხვაზე უნდა გადავიდნენ“.

„ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა ხუთი, მაგრამ 2035 წლისთვის რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ, შესაძლოა, ხუთ წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს ყოველ შვიდ-რვა წელიწადში ერთხელ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასეთი სცენარისთვის მზად არ არიან, არესტოვიჩი უკრაინის დროებით დატოვებას ურჩევს.


„ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის, თუ როგორ იცხოვროს და აღზარდოს ბავშვები, სხვა ქვეყანა სჭირდება. აქ ახალი ისრაელია, მხოლოდ მასშტაბები უფრო ძლიერი და საშინელია.
ყველა ჩემი ახლობელი აქ არის და იქნება, ვინც მზად არ არის, არის თბილი ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ მზად არ ხართ“,- განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დონბასის მთელი ტერიტორია პუტინის არმიის მიერ იქნება ოკუპირებული, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს ამისთვის, რაც უზარმაზარ ადამიანურ ზარალს და ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს.