ხმაური რუსთავის მერიაში [video]

2022-03-29 19:04:37

რუსთავის მერიაში ხმაური იყო. დაზარალებული ბინათმესაკუთრეები, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ან კონპენსაციის გადახდას ითხოვენ, დღე მერიაი მივიდნენ და ნინო ლაცაბიძესთან ვედრა ურდათ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების განცხადებით, საქმე ეხება 30 წლის წინ დაწყებულ ბინების მშენებლობას, რომელშიც თანა გადაიხადე, თუმცა სახლები არ მიუღიათ.

"ეს არის 30 წლის წინანდელი. ჩვენმა მშობლებმა და მათ შორის აქ მყოფმა ბატონებმა და ქალბატონებმა, თანხა შევიტნეთ ამხანაგობა 17–ის კოოპერატივის ბინებში, რომ მიგვეღო სახლები. ამ ამბიდან ერთი წელიც არ იყო გასული, მოხდა ძალიან დიდი მიწისძვრა საქართველოში და ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი გადახდილი თანხები დაიწერა შიდა ვალად, რომ დახმარებოდა მიწისძვრისგან დაზარალებულებს. 2004 წლიდან 2006 წლამდე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, დაიწყო კომპენსაციების გაცემა, ოღონდ ჩვენ არ ვიცით რა კომპენსაციებზეა საუბარი იმიტომ, რომ დაახლოებით 120 კაცი ვიყავით ამხანაგობის წევრები და კომპენსაციები მიიღო მხოლოდ ნაწილმა.  მერე ხდება ისე, რომ ისევ ჩუმდება ყველაფერი, გვეუბნებიან, რომ დღეს მოხდება თქვენი ამბის განხილვა, ხვალ მოხდება და ასე მოვედით 18 წელია.

ყველას გვაქვს ერთი მოთხოვნა, ვინმემ გაგვცეს კონკრეტული პასუხი, აშენდება ჩვენი კორპუსი და უნდა დაველოდოთ ამას თუ შემოგვთავაზებენ კომპენსაციას", - აცხადებს ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი ნინო არჩვაძე.

მერიის შენობაში დაზარალებულ პირებს რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, განრიგის მიხედვით, ლაცაბიძეს მოქალაქეებთან შეხვედრა 6-7 აპრილს შეუძლია, თუმცა ამაზე ბინათმესაკუთრეები თანახმა არ არიან.

"6 ან 7 რიცხვში განრიგის მიხედვით უკვე შეუძლია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს რიცხვები არ აწყობთ მოქალაქეებს, გადავხედავთ და იქნებ მანამდეც მოხერხდეს", - განაცხადა ოთარ ტატალაშვილმა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლებმა მერს შეხვედრისთვის 2 დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

"უახლოეს 2 დღეში,  უარის შემთხვევაშიც ველოდებით თქვენს ზარს და დადებითი პასუხის შემთხვევაშიც. უარის შემთხვევაში, მოვალთ 70 კაცი და მივიღებთ იმ ზომებს, რომ აქციებით მოვითხოვოთ პასუხი სამართლებრივად", - აცხადებს ნინო არჩვაძე.

ამხანაგობის წევრები ასევე ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მერია ინფორმირებული იყო, მათ წერილობითი ფორმით 37 დღის წინ მიმართეს, თუმცა წერილზე არანაირი პასუხი არ მიუღიათ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები